BBC-იმ გურჯაანელ ლეიბორისტ დეპუტატს სტატია მიუძღვნა
BBC წერს, რომ გურჯაანში დეპუტატი თანაქალაქელებს უსასყიდლო ტაქსით მომსახურებით სერვისს კვირას 4 საათის განმავლობაში შესთავაზებს. BBC ტელეკომპანია „გურჯაანის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლეიბორისტ დეპუტატს სურს, თავისი საქმიანობით პოლიტიკურ მოღვაწეებს და ამავე დროს საზოგადოებას დაანახოს, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ.
„მე ამ ტელევიზიას ვუყურებ. მათი სტანდარტები ჩვენთვის ნამდვილად მისაბაძია. მართალია მე და ვანო შიოშვილმა მოვამზადეთ ეს მასალა, რომელმაც ძალიან კარგი კადრები გადაიღო, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს წარმატება ტელეკომპანია გურჯაანის გუნდის დამსახურებაა. ჩვენ მუშაობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ, რათა საზოგადოებას საინტერესო მასალები მივაწოდოთ“, – განაცხადა სიუჯეტის ავტორმა, ნინო სამნიაშვილმა.
ზურაბ სეფიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია. მისი ქველმოქმედება მხოლოდ უფასო ტაქსისტობით არ შემოიფარგლება.სეფიაშვილი დეპუტატის ხელფასზეც ამბობს უარს და საკრებულოდან მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს ურიცხავს.
“იცით ალბათ, რომ ყველა ადამიანზე, ვინც პოლიტიკაში მოდის, ამბობენ, რომ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად მოდის და ფულის საკეთებლად. მე ჩემს ამომრჩეველს შევპირდი, რომ პოლიტიკაში ნაშოვნ 1 თეთრსაც კი არ შევიტანდი ოჯახში და უანგაროდ ვემსახურებოდი სოფელს, თუ ამირჩევდნენ. ახლა კი პირობის შესრულების დრო მოვიდა. ვინაიდან პოლიტიკიდან სხვა შემოსავალი არ მაქვს, ხელფასის გარდა, გადავწყვიტე, არც ხელფასი ავიღო და გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარო. ახლა დაადგენენ, ვინაა სოფელში ყველზე გაჭირვებული ოჯახი და პირდაპირ მის ანგარიშზე გადაირიცხება თანხა”, – ამბობს ინტერნეტ გამოცემა gzapress.ge-სთან საუბრისას ზურაბ სეფიაშვილი.