დღეს სოფელ ნუკრიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი.
სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი. ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ოპერატორის და ბანკის სერვისებიც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.
ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრებიან.
პროექტი, სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
“სათემო განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ანა მარგველაშვილის თქმით, შენობა, რომელიც დღეს იხსნება, 1972 წელს აშენდა და 90-იანების შუა წლებამდე სოფლის კულტურის ცენტრი იყო, რომელიც აღდგენაზეც 2006 წლიდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა:
,,მადლობა ყველას, ვინც წლების მანძილზე გვერდში ედგა “კავკასიურ სახლსა” და შემდეგ “სათემო განვითარების ცენტრს” სოფელ ნუკრიანში სხვადასახვა პროექტის განხორციელებაში. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებით ვაქტიურობდით ბოლო 5 წლის მანძილზე – სოფელში გროვდებოდა ხელმოწერები აღნიშნული შენობის გადახურვის შესახებ; ასევე, ტარდებოდა მოსახლეობის აზრის გამოკითხვა თუ რა სერვისებს ისურვებდნენ ყოფილი კულტურის სახლის ბაზაზე და სხვა. სოფლის ბიბლიოთეკის პირველი რეაბილიტაციისათვის მადლობა ფონდს “ღია საზოგადოება საქართველოს”, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას, საბიბლიოთეკო ასოციაციასა და სხვებს მხარდაჭერისთვის. სოფლისათვის (არა მარტო ნუკრიანის, არამედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის უკანა მხარის სოფლებისათვის) უმნიშვნელოვენასი მოვლენა წლების მუშაობის და თანამშრომლობის შედეგია. მადლობა იუსტიციის სამინისტროს, კულტურის სახლის გარკვეული ნაწილი ახლა რეაბილიტირებულია. ნაწილში განთავსებულია ,,სათემო კავშირი ნუკრიანი” და ნუკრიანის სახელოსნოები. ასევე, სამუსიკო სკოლა, რომელსაც ესაჭიროება სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ,,სათემო განვითარების ცენტრი” იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს პარტნიორებთან ერთად”.