თელავში ევროკავშირის კინოფესტივალი გაიხსნა
ფესტივალის ადგილობრივი კოორდინატორის, მაია მამულაშვილის თქმით, კინოჩვენებები თელავში 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის მიზანია, კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს:
,,ფესტივალი ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. იგი უკვე ჩატარდა საქართველოს 5 ქალაქში და მეექვსე თელავი დაემატა, სადაც ხდება ევროპელი კინორეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება. წარმოდგენილია როგორც დოკუმენტური ჟანრის ფილმები, ასევე მხატვრული, კომედიური და დრამა. კინოჩვენებები ორიენტირებულია იმაზე, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი გაიგოს ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების შესახებ. ის ფორმა, რომელიც შეარჩია ევროკავშირმა, რომ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, არის კულტურული ღირებულებების გაცნობა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ფილმები და ნამუშევარია, რომელიც გათვლილია საზოგადოების ყველა ფენისთვის. ასევე, მათ საშუალება აქვთ, სასიამოვნო გარემოში უყურონ ფილმებს, მიიღონ ინფორმაცია და იმსჯელონ იმის შესახებ საითაც ჩვენი ქვეყანა ასე მისწრაფის.”
ევროკავშირის კინოფესტივალის გახსნას თელავის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქალაქის მერის მოადგილის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, თელავისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონიძიებების ჩატარება, რადგან ის ხელს შეუწყობს კულტურის განვითარებას.
,,ქალაქის მერია ყოველთვის მხარს უჭერს ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებას. ევროკავშირის კინოფესტივალის ჩატარება თელავში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანებს საშუალება ეძლევათ იყვნენ ჩართულები ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია კულტურულ ცხოვრებასთან. ყოველთვის ვიქნებით მოხარულები თუ კი იქნება კიდევ ასეთი ინიციატივები,’‘- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
ევროკავშირის ინიციატივით, საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი მეორედ იმართება.