ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა კახეთის გამგებლები ნეპოტიზმში ამხილა
ვალერი შოშიაშვილი თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ნეპოტიზმის მხრივ განსაკუთრებით გურჯაანი და თელავი გამოირჩევა: ,,2012 წელს, როცა საზოგადოებამ ახალი არჩევანი გააკეთა და ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა ყველას გაგვიჩნდა იმის იმედი, რომ უკეთესი ცხოვრება იქნებოდა და სამართლიანობა აღდგებოდა. თუმცა, როგორც ყველა ამომრჩევლის, ამ მთავრობამ ჩვენი იმედებიც გააცრუა. კვლავ ადგილი გვაქვს უსამართლობასთან და კლანურ მმართველობასთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ცუდი სიტუაციაა რეგიონებში. საკადრო პოლიტიკა კვლავ ნაცნობ – მეგობრებით ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა ტესტირება პროფესიონალი კადრი კვლავ უსამსახუროდ რჩება, რაც უფრო ზრდის უმუშევრობის სტატისტიკას“, – განმარტავს შოშიაშვილი. პრესკონფერენცია გურჯაანში, ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრში” გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტები ესწრებოდნენ.