ახალი ამბები

კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებში რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ხირსაში, 24-საათიანი ძაბვის წყვეტის ფონზე, ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. პროექტი ტრანსფორმატორების რემონტების ჯგუფმა შეასრულა. ძაბვის შეწყვეტის აუცილებლობა ქვესადგურ,,ხირსა“-ში სარეზერვო ტრანსფორმატორის არ არსებობის ფაქტით იყო გამოწვეული.

,,კომპანიის კუთვნილი ქვესადგურების ყველაზე ძვირადღირებული მოწყობილობების – ავტოტრანფორმატორების და ტრანფორმატორების საშუალო ასაკი საკმაოდ მაღალია და ძალოვანი მოწყობილობების საექსპლოატაციო ვადის მაქსიმალურ ზღვარს უთანაბრდება. სწორედ ამიტომ, კომპანიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შესაძლებლობის ფარგლებში, სარეზერვო ტრანფორმატორებისა და უჯრედების აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ. ამ ეტაპზე განხორციელდა სადიაგნოსტიკო სამუშაოები, განისაზღვრა მათი შემდგომში ექსპლოატაციის რესურსი, შედგა სარემონტო ტრანფორმატორების სია და რემონტების გეგმა-გრაფიკები. 2015 წელს დაიწყო იმ ტრანსფორმატორების აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესს ექვემდებარება. კახეთის რეგიონში, 35 კვ-ზე ტრანსფორმატორების რემონტი ადგილობრივი პერსონალის ძალებით განხორციელდება, ხოლო 110 კვ-ზე სამუშაოებს ტრანსფორმატორების სარემონტო ჯგუფი განახორციელებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ, სრულებით გამოირიცხება მომხმარებლისათვის ძაბვის შეწყვეტის აუცილებლობა საექსპლოატაციო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით. SEL-ის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 110 კვ-იანი წრის ციფრულ დაცვებზე გადაყვანის პროცესი. პროექტი დემონტირებული ციფრული რელეების რესურსით და სსე-ის პერსონალის მიერ ხორციელდება,”- აცხადებენ ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციაში.

მათივე თქმით, კახეთის რეგიონული ქსელის პირველადი და მეორედი საკომუტაციო მოწყობილობების რეაბილიტაცია სსე-ის 220 და 500 კვ-იან ქვესადგურებში ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტებიდან გამოთავისუფლებული მოწყობილობების ბაზაზე ხორციელდება, რაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსტემა“-ს საბიუჯეტო თანხების დაზოგვის საშუალებას აძლევს.