ახალი ამბები

თელავში დღეს კახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნება

ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქივის შენობაში შეინახება კახეთის ბოლო ასწლეულის დოკუმენტური მეხსიერება. 
შენობაში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საცავები, სადაც დაცულია როგორც უსაფრთხოების ზომები, ისე დოკუმენტების შენახვის პირობები. 
არქივის სამსართულიან შენობას ბოლო ექვს თვეში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დოკუმენტების საცავებისა და სამუშაო ოთახების გარდა, შენობაში მოეწყო საგამოფენო და სამკითხველო დარბაზი. პირველი გამოფენა ღვინისა და ვაზის თემას ეძღვნება.
შენობის ფოიეში განთავსდა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილია კახეთის რეგიონთან დაკავშირებული უძველესი ხელნაწერები და საბუთები, ასევე, კახეთის რეგიონის ხედები და სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლის ფოტო.
კახეთის რეგიონულ არქივში განთავსდება: თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის არქივის დოკუმენტები.