კაჭრეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა ღია კარის დღე გამართა
საზოგადოებრივ კოლეჯში “აისი” ღია კარის დღე გაიმართა. ღია კარის დღე პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საზოგადოებრივ კოლეჯში “აისი” კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, კოლეჯს კახეთის რეგიონის სკოლებიდან 200-მდე უფროსკლასელი მოსწავლე ეწვია.
“ღონისძიების მიზანი იყო უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება პროფესიული განათლებით. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კოლეჯ “აისის” მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს. პარალელურად, გაიმართა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მოეწყო კოლეჯის ხელოვნების დარგის პროფესიის სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის – თექის და დეკორატიული ქსოვილების გამოფენა-გაყიდვა”, – აცხადებენ კოლეჯში.
მოსწავლეები გაეცნენ პროფესიული განათლებაში მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების მოკლე მიმოხილვას და მიიღეს ინფორმაცია პროგრამების, დაფინანსების მოპოვების და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ღონისძიების დასასრულს პოეტებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი შემოქმედება და კოლეჯის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავები.