ინვესტორებისა და ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის რეგულაციები მარტივდება
ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად მარტივდება, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლა და მომზადებულია ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუ პირი გარკვეულ უძრავ ქონებას ფლობს საქართველოში, მისთვის როგორც ვიზის, ასევე ბინადრობის მოწმობის აღება მარტივდება.
“გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იქნება იმ ქვეყნების სია, რომელთა ვიზის ფლობის შემთხვევაში, მოქალაქე შეძლებს უფრო მარტივად ქვეყანაში შემოსვლას. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, ერთი, რომ გავამარტივოთ ტურისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლა, მეორე, რომ გავამარტივოთ ინვესტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლა და მუშაობა, მესამე – ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და აქედან გამომდინარე, დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, მათთვის იქნება მარტივი, რადგან უმეტესობა მათგანი გარკვეულ უძრავ ქონებას ფლობს საქართველოში და საქართველოში შემოსვლა და აქ ყოფნა შეუზღუდავად იქნება მათთვის შესაძლებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.