არასამთავრობოებს თელავის მერიაში გასაუბრების პროცესზე დაკვირვების საშუალება ეზღუდებათ
საია-ს თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საია მიმდინარე პროცესს კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში დაკვირვებოდა:
,,გასაუბრების პირველ დღეს კონკურსანტების სურვილის გათვალისწინებით ნაწილობრივ მოვახერხეთ პროცესზე დაკვირვება – 30 კონკურსანტიდან შევძელით 10 ადამიანის გასაუბრებაზე დასწრება. აქედან გამომდინარე, სიტუაციის სრულყოფილი სურათის დახატვა ამ ეტაპზე რთულია. თუ ასე გაგრძელდა, ეს იქნება შემაფერხებელი ფაქტორი მერიაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობასა და ობიექტურობაზე საბოლოო ანალიზის გაკეთებისას. მინდა ავღნიშნო, რომ პროცესზე ჩვენს დაკვირვებაზე უარი, ძირითადად, უწყებაში მომუშავე თანამშრომლებმა განაცხადეს’’,-განუცხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.
მერიის საკრებულოს წევრის, ნიკოლოზ ვარდოშვილის თქმით, კომისიამ მას გასაუბრებაზე დასწრების საშუალება არ მისცა. მისი ინფორმაციით, კომისიას განცხადებით 2 თებერვალს მიმართა, რათა პროცესს დასწრებოდა, თუმცა უშედეგოდ:
,,მქონდა ინიციატივა და სურვილი, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შევსულიყავი როგორც საკრებულოს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატი, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს. ვთვლი, რომ დემოკრატიულობა სწორედ პასუხისმგებლობების განაწილებაშია და მისი არსი მდგომარეობს გამჭვირვალობაში. გარდა ამისა, მე და ჟურნალისტმა, მაკა მოსიაშვილმა, მივმართეთ კომისიას განცხადებით, რომ კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში მასთან გასაუბრების პროცესს დავსწრებოდით, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს. გადმოგვცეს უარის წერილი, რომელსაც ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა აქვს. ამით დაადასტურეს ის, რომ გამჭვირვალობა ამ პროცესისა ნულის ტოლია”, -ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი.
როგორც მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე აცხადებს, კომისიამ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და აღნიშნულ პირებს პროცესზე დასწრების ნებართვა არ მისცა:
,,საკონკურსო კომისიას ჰქონდა უფლება ამ პირებისთვის უარი ეთქვა გასაუბრებაზე დასწრებაზე. უარის წერილი როგორც კანონი მოითხოვს ადრესატებს გაეგზავნათ’’,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
არჩილ თხლაშიძესვე თქმით, კონკურსის ბოლო ეტაპზე ეტაპზე 147 პირი გადავიდა, რომლებსაც 4 დღის განმავლობაში გასაუბრება ჩაუტარდებათ:
,,გასაუბრებაზე შეჯამებული შედეგები და შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.