შესაძლოა დღეს რადიო “ჰერეთმა” მაუწყებლობა შეწყვიტოს
რამაზ სამხარაძეს თქმით, მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი ტელერადიოცენტრისთვის მომსახურების 3 თვიანი გადასახადია, რომლის გადავადებასაც რადიო “ჰერეთი” მარტამდე ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.
“მაუწყებლობა ამ დრომდე არ შეწყვეტილა. “ტაბულას” მსგავსად რადიო ჰერეთმაც მიიღო “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისგან” წერილი, სადაც 3 თვიან დავალიანებაზეა საუბარი. ეს თანხა დაახლოებით 1600 ლარამდეა, რომლის ნაწილიც უკვე დავფარეთ. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, რომ დავალიანების გადახდა 1 მარტამდე გადაევადებინათ უარი გვითხრეს. დღეს კახეთში თუ ჩვენი სიგნალი გაითიშა, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დაეკისრება. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ “ჰერეთთან” ერთად დავალიანება აქვს უამრავ მაუწყებელს. ბარემ გათიშონ ყველა ერთიანად და გავაოცოთ ევროპა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიის არსებობით!”, -განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
ორგანიზაციის დირექტორის თქმითვე, ეკონომიკური კრიზისი და ბიზნესკომპანიების მხრიდან არასტაბილურობის განცდა, მათ შემოსავლებზეც აისახა, განსაკუთრებით 2015 წლის იანვარში, რადგან სარეკლამო შემოსავლები ნაღდი ფულის სახით 90 %-ით შემცირდა.