ახალი ამბები

თესაუს ექს რექტორმა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს სასამართლოში უჩივლა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ავთანდილ ღელაღუტაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ღელაღუტაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრმა უკანანო გადაწყვეტილება მიიღო და ეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ იმიჯისშემლახავი კამპანიის ნაწილია. 
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებულ უკანონო ბრძანებაში მითითებული იყო, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. რა თქმა ინდა ჩემი უფლებების დასაცავად უკვე მივმართე სასამართლოს, რომელმაც საქმე წარმოებაში უკვე მიიღო. ერთი წლის განმავლობაში ჩემი და უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხდებოდა ბინძური კამპანია. კონკრეტული პიროვნებების დასახელებისაგან თავს შევიკავებ“, – განუცხადა knews.ge-ს ავთანდილ ღელაღუტაშვილმა. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თებერვალში დაიწყება. 
2014 წლის 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.