ახალი ამბები

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ირგვლივ დავა გრძელდება

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ირგვლივ დავა გრძელდება. სასწავლებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ კევლიშვილი დაწესებულების ახლანდელ მმართველს, ლელა ონიანს ყალბი დოკუმენტის გაცემასა და თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.
კევლიშვილის თქმით, დაწესებულებიდან მან სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც არასრულყოფილად არის წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ბოლომდე არ ასრულებს:
,,სამუსიკო სასწავლებელმა ყალბი ინფორმაცია გასცა, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილება სრულყოფილად აქვს აღსრულებული და გასცა სრულად საჯარო ინფორმაცია. ეს ტყუილია, რადგან მათ მიერ გაცემული ინფორმაცია ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს არ მოიცავს. ესენია – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხელშეკრულებები, მისაღები გამოცდების უწყისები და ყველა ის დიდი ინტერესის მქონდე დოკუმენტები რომლებიც ჩემგან იყო მოთხოვნილი. რაც შეეხება ინფორმაციის გადმოცემულ ნაწილს, არის საეჭვო და დარჩენილი დოკუმენტები კი შესასწავლი. მოვითხოვ, სასწავლებლის დირექციის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას”,- განუცხადა knews.ge-ს ვასილ კევლიშვილმა.
ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში აცხადებენ, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულეს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. როგორც Knews.ge-ს სასწავლებლის დირექციაში განუცხადეს, ინფორმაციის გაცემის დროს ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელზეც ახსნა-განმარტებითი ბარათი შედგა და დაუყოვნებლივ გამოსწორდა.