ახალი ამბები

საფერავის ექსკლუზიური ბოკალი ბაზარზე თებერვალში გამოჩნდება

ქართული საფერავისთვის შექმნილი ოფიციალური ბოკალი ადგილობრივ ბაზარზე თებერვლის პირველ რიცხვებში გამოჩნდება. სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ხეცურიანის განცხადებით, სასმისის საბოლოო ვარიანტი უკვე დამტკიცდა და ამჟამად მას ღვინის ჭიქების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL ამზადებს.
მისივე თქმით, ბოკალის ორი სხვადასხვა ვარიანტი იქნება, ხელნაკეთი, რომელიც შედარებით ძვირი ეღირება და ქარხნული წესით დამზადებული, რომელიც შესაბამისად, შედარებით იაფადაც გაიყიდება. საფერავისთვის დამზადებული სპეციალური სასმისი რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის და ღვინით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
კომერსანტის ინფორმაციით, ბოკალის განსხვავებულობის ოთხი კომპონენტია: კორპუსის შიდა სიმაღლე, ყველაზე დიდი რკალისა და ასევე ზედა რკალის დიამეტრი. მეოთხე კომპონენტი კი, ხეცურიანის თქმით, ამ სამი კომპონენტის გაერთიანება და ბოკალის საბოლოო ფორმაა. მისი განცხადებით, ბოკალის უნიკალურობას სწორედ ეს ერთიანობა განაპირობებს:
,,მარტის ბოლოს ექსკლუზიური სასმისის შერჩევა ქვევრის თეთრი ღვინისთვის იგეგმება, წლის ბოლოს კი ანალოგიური ჭურჭელი ჭაჭისთვის და სხვა ღვინოებისთვისაც შეირჩევა”, – აცხადებს ხეცურიანი.