ახალი ამბები

გიორგი სიბაშვილის რიგით 41–ე სასამართლო სხდომა გადაიდო

როგორც 15 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილი სხდომაზე ტრამვის გამო ვერ გამოცხადდა. 
როგორც პროკურორმა, გიორგი ლილუაშვილმა knews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გასულ წელს მან მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაურთულდა:
,,მენისკის ოპერაცია შარშან გავიკეთე და ახლა მდგომარეობა გამირთულდა. გადააგილების პრობლემა შემექმნა და ამიტომ ვერ მივედი სასამართლო სხდომაზე. მიზეზი არის მხოლოდ ეს”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ლილუაშვილმა.
გიორგი სიბაშვილის თქმით, ლილუაშვილი სასამართლო სხდომაზე უკვე მეცამეტედ არ გამოცხადდა:
,,15 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორი კვლავ არ გამოცხადდა. ამის მიზეზად კი თელავის რაიონული საავადმყოფოს ექიმის, ივერი დურგლიშვილის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ცნობა წარმოადგინა. სადაც წერია რომ “უჩივის სიარულის გაძნელებას, რადგან გუშინ საღამოს გადმოხტა სიმაღლიდან სახლში და მიიღო ტრამვა”. მოცემულ ცნობაში არსად არის მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. 2014 წლის ზაფხულში იგივე პროკურორი სასამართლო პროცესებზე (ფეხზე გაკეთებული ოპერაციის გამო) ორი ხელჯოხით დადიოდა სასამართლო პროცესებზე, და შესაბამისად სხდომას არ აცდენდა. ის იმიტომ აღარ ცხადდება სასამართლო სხდომაზე, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულდა და არცერთი არ მიუთითებს ჩემი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. ამიტომაც მაქსიმალურად აჭიანურებენ საქმის დამთავრებას,” – აცხადებს გიორგი სიბაშვილი.
მისი თქმით, პროკურორმა ლილუაშვილმა 15 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ ცნობა 14 იანვარს აიღო და უწყებაში წარადგინა. სიბაშვილის თქმითვე, ეს არის საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. 
,, მე უკვე მივმართე სახალხო დამცველს ჩემი უფლებების დაცვის მოთხოვნით“, – აღნიშნავს გიორგი სიბაშვილი.