ახალი ამბები

ლაგოდეხში სოფლის რწმუნებულებმა გამგეობას პროცესი ნაწილობრივ მოუგეს

სასამართლო გადაწყვეტილებით ლაგოდეხის გამგეობა სოფლებიდან გათავისუფლებულ რწმუნებულებს 12 დღის ხელფასს გადაუხდის. როგორც რადიო “ჰერეთს” გამგეობის იურისტმა, ნათია დათუკიშვილმა განუცხადა, ლაგოდეხის მაგისტრატმა სასამართლომ 5 სოფლის გათავისუფლებული რწმუნებულის სარჩელი – გამგეობის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამგებლის ბრძანება გათავისუფლების შესახებ ბათილად სცნო. 
ასევე გამგეობას დაეკისრა მოსარჩელეთა ტრანსპორტირების ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით. 
სოფელ ნინიგორის ყოფილი რწმუნებულის, თენგიზ სამხარაძის განცხადებით, ისინი გამგეობისგან თანამდებობაზე დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.  შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში 7 სოფლის რწმუნებული თანამდებობიდან გამგებლის ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 14 ივლისს გათავისუფლდა. მათ ადგილზე სხვა კადრები დანიშნეს.