ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

წულუკიანის თქმით, ის წელიწადნახევრის წინ იმყოფებოდა პანკისში, სადაც შეხვდა უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც წუხილი გამოითქვეს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ცდუნებას წამოეგება და ტერორიზმით ინტერესდება. იუსტიციის მინისტრის თქმით, მაშინ მის მიერ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ნათქვამ და ჟურნალისტის მიერ გამოტანილ ფრაზას, რომ ადგილობრივებს მსგავსი წუხილი აქვთ, მინი სკანდალი მოჰყვა.
“დღეს ამას ხმამაღლა ვსაუბრობთ და კარგია, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს პრობლემა, მით უმეტეს უსაფრთხოების, თუკი სახელმწიფო საიდულმოებას არ ეხება საქმე, არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივ საკითხზე ღიად არ ისაუბრო. ამიტომ ჩვენ ამაზე ღიად საუბარი დავიწყეთ და საფრანგეთში მომხდარ ტერაქტამდე ბევრად ადრე, 18 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი თანამშრომლობით, მაგრამ მათი ინიციატივით, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააგზავნა პარლამენტში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით. თუ ჩვენი მოქალაქე მონაწილეობს უკანონო ფორმირებაში, ან აქ გაიწვრთნება, ან მოწოდებას გააკეთებს, გადაიბირებს _ ეს ყველაფერი ხდება დასჯადი სისხლის სამართლის წესით, რადგან არ შეიძლება, სახელმწიფო ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს. იგივე პრობლემა უფრო დიდი მასშტაბით უდგას გერმანიას, საფრანგეთს. მაგალითად ფრანგი მოქალაქეები ჯალათებად გვევლინებიან, ვინაიდან მიდის ახალგაზრდებისთვის ტვინის რეცხვა, ხდება მისი რელიგიური რადიკალიზაცია და ა.შ.”, – განაცხადა წულუკიანმა.