სოფელ იყალთოში ,,ქვევრის სახლის’’ მშენებლობაზე 3 მილიონი დაიხარჯება
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ,,ქვევრის სახლი” მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.მისივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი სამი მილიონი ლარია.
,,აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ თელავისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბოლო დროს ღვინოზე და ქვევრზე მოთხოვნა გაიზარდა. რაიონში არის ადგილები, სადაც კუსტარული წესით ამზადებენ, მაგრამ იქ მოქალაქეს შესაძლებელია ერთი ქვევრის ყიდვისთვის რამდენიმე წელი მოუწიოს ლოდინი. ,,ქვევრის სახლში’’ კი სტანდარტული ქვევრის დამზადება იქნება შესაძლებელი და ასევე გაიხსნება ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები აღნიშნულ ხელოვნებას შეისწავლიან”,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ,,ქვევრის სახლის” მშენებლობა სოფელში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,ეს ტურისტებისთვისაც იქნება მიმზიდველი იმიტომ, რომ ქვევრის დამზადების ყურება მათთვის საინტერესო იქნება. მე პროექტს უკვე გავეცანი და იქ გათვლილია, რომ იქნება შუშის კედლები, საიდანაც ტურისტი დაინახავს როგორ მზადდება ქვევრი. მათ ასევე შეეძლებათ საკუთარი ხელით გამოძერწონ ნებისმიერი ფორმის თიხის ფიგურაც”,- განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა.