კახეთში სათბობი შეშის მარაგი იწურება
CENN-ის კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახა სუხიტაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა რეგიონში მასიურად დაიწყებს შეშის არალეგალურ გამოყენებას, რამაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. სუხიტაშვილის ვარაუდით, მალე ქვეყანაში შეშის მწვავე დეფიციტი შეიქმნება, ხოლო რამდენიმე წელიწადში სრულად ამოიწურება.
“შეშის არსებული რესურსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა. ასეთ ფონზე მოსახლეობა და საბიუჯეტო ორგანიზაციები შეშას თავისუფლად მოიხმარენ, თითქოს არც კი არსებობდეს პრობლემა, რაც მისი არალეგალურად გამოყენების ეჭვს აჩენს. კახეთს თვითონ არ აქვს საკმარისი რესურსი და ამ დროს შეშით ქვემო ქართლის ნაწილსაც ამარაგებს. პრობლემაა ისიც, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები სათბობად შეშას იყენებენ, მათ შორის იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ტერიტორია მეტ-ნაკლებად გაზიფიცირებულია. ეს უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გათვლით, შეშა საქართველოში დეფიციტური გახდება. კრიზისს ქვეყანა 2-3 წელიწადში იგრძნობს, ხოლო რამდენიმე წელიც საკმარისია, რომ არსებული მარაგი სრულად ამოიწუროს და შეშის გარეშე დავრჩეთ”, – აცხადებს კახა სუხიტაშვილი.