თელავის უმწეოთა სახლის ბენეფიციარები ყოველკვირეულად ყველით მომარაგდებიან
პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟის” ადმინისტრაციის და მერიის ინიციატივით, უმწეოთა სახლის ბენეფიციარები კვირაში ერთხელ, სტუდენტების მიერ დამზადებული ყველით მომარაგდებიან.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ყველი ყველა ბენეფიციარზე უფასოდ გაიცემა.
,,ჩვენი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და უპოვართა სახლის ბენეფიციარების კეთილდღეობა, ამიტომ ვმუშაობთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ ეტაპზე ჯერ დავიწყეთ ყველის შემოტანა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის. ასევე გავზარდეთ საკვების გაცემის დღეებიც”,-განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
თელავის პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟის” დირექტორის, კოტე დოლიძეს თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ახმეტის მუნიციპალიტეტში, გახსნილი აქვს ყველის საწარმო, საიდანაც უმწეოთა სახლის ბენეფიციარები ყოველკვირეულად აღნიშნული პროდუქტით მომარაგდებიან.
,,ჩვენ გადავწყვიტეთ გვერდში დავუდგეთ გაჭირვებულ ხალხს. ამ ეტაპზე უმწეოთა სახლს 18 კილოგრამი ყველი გადავეცით. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ამას ექნება ყოველკვირეული სახე”,-განუცხადა Knews.ge-ს კოტე დოლიძემ.