მხარეს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება
კოდექსის მიხედვით, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ, ხუთი დღის ვადაში შეიძლება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრდეს.
კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარდგენილია.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრდეს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, გაასაჩივროს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული პრაქტიკაში წარმოშობს პრობლემას, რადგან უმეტეს შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველს სწორედ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა წარმოადგენს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მხარის საჩივრის განხილვისას არ მსჯელობს, რამდენად სწორი იყო წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობაზე და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაშვებული მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს.