შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
პროექტის მენეჯერის ირაკლი მოისწრაფიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ეს პროექტი მეწარმეებზე უფრო ეფექტურად მორგებული სახეცვლილი ფორმით განხორციელდება:
„პროექტი გაგრძელდება 2 ახალი კომპონენტით, ესენია: ძირითადი საშუალებებისა და საბრუნავი საშუალებების კომპონენტი. მაგალითად ფერმის შენობა, პირუტყვი, რაც ერთ წელზე მეტი ვადით მოიხმარება საწარმოში, არის ძირითადი საშუალება. ხოლო საბრუნავ საშუალებად ის ითვლება, რისი გახარჯვაც ერთ სეზონზე ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება. სათესლე მასალა, სასუქები, შხამ-ქიმიკატები, მუშა ხელის დაქირავება სეზონურად, ეს ყველა საბრუნავ საშუალებებს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ძირითადი საშუალებებია ფერმის ან საწყობის აშენება , მრავალწლიანი ბაღის გაშენება, სათბურის მოწყობა, ტბორის გაკეთება, მეწველი საქონლის შეძენა, ან დედა ღორის შეძენა, რომელიც გენერაციას იძლევა, ხოლო გოჭის შეძენა უკვე საბრუნავი საშუალებაა, ვინაიდან უკვე მაქსიმუმ 6 თვეში ფერმერი გაასუქებს და გაყიდის“.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სასაოფლო-სამეურნეო საქმიანობის იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2 წლის წინ შექმნა.
პროექტის ძირითად ამოცანებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება და სოფლად დასაქმების ზრდა წარმოადგენს.
შეღავათიანი აგროკრედიტის მისაღებად მსურველები განცხადებით მიმართავენ პროექტის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს, სადაც წარადგენენ თავიანთ ბიზნესგეგმას. შემდეგ კი საფინანსო ორგანიზაციები გადაწყვეტილებას საკუთარი საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე იღებენ. თუ ბანკი ფერმერს სესხს დაუმტკიცებს, მაშინ ელექტრონულად ეს მონაცემები ეგზავნება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, რომელიც მეწარმის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ბანკების მიერ განსაზღვრული გარფიკით მოახდენს.
პროექტში მონაწილე საფინანსო არგანიზაციები არიან: ბაზის ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი კონსტანტა, კორსტანდარტ ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო, ლიბერთი ბანკი, პაშა ბანკი, პროგრეს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, ხალიკ ბანკი. გასული წლის ბოლოს პროექტის პარტნიორებს კაპიტალ ბანკი (ყოფილი ინვესტ ბანკი) და აზერბაიჯანის საერთაშორისო განვითარების ბანკიც დაემატა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ე.წ. „სტარტაპების“ დაფინანსებასაც ითვალისწინებს. არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები ჩვენი მხრიდან არ არის. ბანკი თავისი საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე აყენებს პირობებს. ამაზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ეს ინდივიდუალურია. ეს მოთხოვნები დგინდება მეწარმის ფინანსური მდგომარეობიდან, კრედიტის უზრუნველყოფიდან და ბიზნესგეგმის ავკარგიანობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად კარგად იცნობს მეწარმე ბაზარს. ამ რისკების გაანალიზების შემდეგ ბანკი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პირიქით მივესალმებით „სტარტაპის“ დაფინანსებას და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველი მეშვიდე სესხი გაცემულია ახალი საწარმოს შექმნაზე“, – აცხადებს eugeorgia.info-სთან ირაკლი მოისწრაფიშვილი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების ანალიზისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსის მიხეილ კუჭავას თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია 27,208 სესხი, 716,557,418 ლარის ოდენობით.
,,I კომპონენტში გაიცა 5,448 სესხი 2,199,819 ლარის ოდენობით. II კომპონენტში 20,835 სესხი 371,008,522 ლარის ოდენობით. III კომპონენტში 806 სესხი 102,124,673 აშშ დოლარის ოდენობით. IV კომპონენტში 2 სესხი 89,878 აშშ დოლარის ოდენობით. V კომპონენტში გაიცა 87 სესხი 110,643,047 ლარის ოდენობით და 10 სესხი 8,663,171 აშშ დოლარის ოდენობით. VI კომპონენტში 9 სესხი 2,680,000 ლარის ოდენობით. VII კომპონენტში 2 სესხი 448,680 აშშ დოლარის ოდენობით. VIII კომპონენტში 9 სესხი 11,018,240 აშშ დოლარის ოდენობით . შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჯამში 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით პროცენტის სუბსიდირების სახით სააგენტოს მხრიდან გადახდილია 31,202,000 ლარი“,- აცხადებს მიხეილ კუჭავა.