მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე მსგეფსი იქნება.