2015 წლიდან მაწონზე ახალი რეგულაციები ამოქმედება
რეგლამენტი ხელმოწერიდან 6 თვეში შევა ძალაში. ამის შემდეგ რძის გადამამაუშავებელი კომპანიები მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს მაწვნის დასახელებით ვეღარ გაყიდიან. თუმცა, მაწვნის ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი წარმოების მოთხოვნა უფრო გვიან დაკანონდება.
რეგლამენტის მიხედვით, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ადგილობრივი დედოთი მაწვნის წარმოების მოთხოვნების შესასრულებლად 2-დან 5-წლამდე დრო მიეცემათ. კონკრეტული ვადა წლის ბოლომდე დაზუსტდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოდგილე, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ლაფერაშვილი აცხადებს, რომ მაწვნის წარმოებაზე ახალი მოთხოვნების დაწესება მაწვნის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობამ განაპირობა:
„მაწონი დარეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც რძის ნაწარმი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისგან შემდგარი დედოთი. მაწვნის დაპატენტება და მასზე ახალი მოთხოვნების დაწესება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ტრადიცული ეროვნული პროდუქტი, ისე როგორც სულგუნი, ჩურჩხელა, დამბალი ხაჭო, ჩეჩილი ყველი. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, გამოირჩევა განუმეორებელი თვისობრივი, გემოვნური თუ ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით, რომელიც მხოლოდ ქართული პროდუქტისთვის იყო დამახასიათებელი. ამდენად, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფენომენია და არა უბრალო ახირება“,-eugeorgia.info-ს ქეთევან ლაფერაშვილმა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა აცხადებს, რომ მომხმარებლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მაწონი ადგილობრივი დედოთი დამზადდება, თუ შემოტანილით: “მაწონი ადგილობრივი დედოთი იქნება ნაწარმოები თუ შემოტანილით, ამას მოხამრებლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ექსპორტისთვის და ეროვნული იმიჯისთვის. რაც შეეხება იმას, რომ რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 6 თვეში აღარ შეეძლებათ მაწვნის დამზადება მცენარეული ცხიმიდან, ეს კარგია, რადგან მომხმარებელს ზუსტად ეცოდინება, რომ ნამდვილად რძის ნაწარმს მიირთმევს. ადგილობრივი დედოთი წარმოების მოთხოვნის რამდენიმე წლით გადავადება უშუალოდ სურსათის უვნებლობას არ ეხება. მთავარია, რომ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი დედო, რომლისგანაც მაწონი დამზადდება, უვნებელი იყოს“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოდგილის, ბიოლოგიის დოქტორის, პროფესორის, ქეთევან ლაფერაშვილის განცხადებით, ქართული რძემჟავა ბაქტერიების ლაბორატორიული შტამები არსებობს, მაგრამ საჭიროა, რომ ისინი საწაარმო სიმძლავრის შტამებად გარდაიქმნას. მისი აზრით, ეს პროცესი ბიძგს მისცემს ახალი ბიზნესის განვითარებასაც:
„მაწვნის საწარმოო შტამები უნდა გაჩნდეს, თორემ ლაბორატორიული შტამები რა თქმა უნდა არის. ტექნიკურ რეგლამენტში ჩაიდება ვადები, რომ მეწარმეებს მაწვნის დასახელებით მხოლოდ 2-5 წელი შეეძლებათ პროდუქტის გამოშვება. ბაზარზე როგორც კი გაჩნდება მოთხოვნა ადგილობრივ შტამებზე, გაჩნდება ბიზნესიც, რომელიც მის წარმოებას დაიწყებს. ბუნებრივია გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც თანხას ჩადებს იმაში, რომ აწარმოოს ადგილობრივი ტერიტორიებიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისგან შემდარი დედო“.