ახალი ამბები

შსს-მ თელავში რვაშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადასცა

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ქვეყნის ყველა რეგიონში ეხმარებიან. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დიმიტრი მაისურაძე და მისი თანამშრომლები ქალაქ თელავში მცხოვრებ მალხაზ მაისურაძის რვაშვილიან ოჯახს საახალწლოდ ესტუმრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მათ მაისურაძეების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, პრესონალური კომპიუტერი, მტვერსასრუტი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ქალაქ თელავში შალვა აფციაურის ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა აფციაურების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, უთო, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს. შსს-ში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.