ახალი ამბები

მარტოხელა დედებს და ქორწინებაში არმყოფ ქალებს სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის შვილად აყვანა აეკრძალებათ

ასევე იგეგმება სუროგაციის პროცესში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩართვის აკრძალვა, მაგალითად ქართველ სუროგატს არ შეეძლება შვილის გაჩენა პაკისტანელისთვის და პირიქით. 
მსგავსი შეზღუდვები “სუროგაციის შესახებ” კანონის პროექტშია გაწერილი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, პროცესში ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები არიან ჩართულები. სამინისტროების მიზანი სუროგაციის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო კანონების შემუშავებაა.
კანონპროექტი უკვე არსებობს. სამუშაო ჯგუფმა სპეციალისტებს ის რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა. განხილვაზე ექიმ-სპეციალისტებმა საკუთარი შენიშვნები დააფიქსირეს. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სწორედ ის მუხლი აღმოჩნდა, რომელიც სამოქალაქო ან ეკლესიურ ქორწინებაში მყოფ ან მარტოხელა დედებისათვის სუროგაციას კრძალავს.
რეპროდუქტოლოგ არჩილ ხომასურიძეს, რომელიც განხილვებში მონაწილეობდა, მიაჩნია, რომ მსგავსი აკრძალვა ადამიანის ელემენტარულ უფლებებს ეწინააღმდეგება და მისი კანონში დატოვება დაუშვებელია.