თესაუში ,,ღია კარის” დღე ჩატარდა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის” დღე გაიმართა. უმაღლესი სასწავლებლის ხუთივე ფაკულტეტმა პრეზენტაციები წარადგინა. დეკანებმა სწავლის პროცესი და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკა ფოტოკოლაჟში ასახეს და კონკრეტულ სპეციალობაზე, განათლების ხარისხზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას თექის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა ხელნაკეთი ნამუშევრები უჩვენეს. დამსწრე საზოგადოების შეფასებით, თელავის უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია და იგი კახეთს პროფესიული კადრებით ამარაგებს:
,,მოსწავლეები უნივერსიტეტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან სასწავლო და გაცვლით პროგრამებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ფაკულტეტების მუშაობას. ყველაფერი ეს მისასალმებელია, რათა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ამ უნივერსიტეტში ისწავლონ და სასწავლებლად სხვაგან არ წავიდნენ”- აღნიშნა თელავის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაატა გოცირიძემ საჯარო სკოლებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები გააფორმეს.