ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვს
შოშიაშვილის განმარტებით, 2012 წლის მაისში პროკურატურის მონაწილეობით მას 8121 ლარად შეფასებული გრემის კულტურის სახლი 700 000 ლარად შეაძენინეს.
„პროკურატურაში გამომძიებელმა ბექა ბასილაიამ დამიბარა და მისი მეშვეობით გრემის კულტურის სახლი შემაძენინეს. მაშინ პროკურატურის გამომძიებლის ბასილაიას ოთახში პირადად ვიჯექი, როდესაც მან ჩემს კრედიტოფიცერს დაურეკა და დაავალა, რომ ჩემთვის სესხი უნდა დაესვა. აუდიტის დასკვნით 8121 ლარად შეფასებულ ქონებაზე პროკურატურის დავალებით „საქართველოს ბანკმა“ 700 000 ლარი მიზნობრივად გამოყო. ამას პირველად ვამბობ, როდესაც ბასილაიამ დამიბარა, მან ჩემი ქონების ყველა საჯარო რეესტრის ამონაწერი შემოიტანა და ამ ქონების კონკრეტულ პიროვნებაზე გადაფორმება მოითხოვა, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჩემი ყველა ქონება „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით იყო დატვირთული, ამის შემდგომ მოხდა სხვა გზის გამონახვა“, – განაცხადა შოშიაშვილმა.
შოშიაშვილის განმარტებით, მან თავის დროზე გარკვეული ქონება გაყიდა და 700 000-ლარიანი კრედიტის დასაფარად თანხა ბანკში შეიტანა, მაგრამ ამ თანხით მხოლოდ პროცენტი დაიფარა და არა ძირი, რომელსაც პროცენტი ისევ მოემატა. მისივე თქმით, დღეს დაკისრებული ჯარიმების და საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 2 მილიონ ლარამდეა ასული, მას კი ახლა ამ თანხის დაფარვის რესურსი აღარ აქვს.
“საქართველოს ბანკი“ გააქტიურდა და შოშიაშვილების მთელი ქონება ვალის გადაუხდელობის გამო აღსრულებაზე გაიტანა. ბანკმა წელიწადნახევრის წინ სასამართლას მიმართა, ვინაიდან ოჯახი თანხას ვერ იხდიდა. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მივიღეთ წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2 მილიონ ლარამდე აქვთ დაკისრებული ვალერი შოშიაშვილს და მის ოჯახის წევრებს. ნებაყოფლობით შესრულებისთვის ჩვენ 7 დღე მოგვცეს და ეს ვადა გავიდა 21 ნოემბერს. ბუნებრივია, ოჯახმა მოთხოვნა ვერ შეასრულა და ვალის დაფარვა ვერ მოხერხდა. რამდენადაც აღნიშნული კრედიტის გამო ბანკში უზრუნველყოფილია შოშიაშვილის ოჯახის წევრების ქონება, გამოდის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანსგან შემდგარი ოჯახი მალე ქუჩაში დარჩება. მოვითხოვთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს იძულებითი აღსრულების პროცედურა ვალერი შოშიაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. თუ ეს არ გააკეთა პროკურატურამ, 2 კვირაში მათი მთლიანი ქონება აუქციონზე გავა და ეს ხალხი ამ უსამართლო ვალის გამო ქუჩაში დარჩება. ამ ხალხს უკიდურესი ზომების მეტი აღარაფერი დარჩება. ვთხოვთ პროკურატრას, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ხვალ შუამდგომლობა შეგვაქვს პროკურატურაში მოგვცეს წერილი, რომ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან აღსრულება შეჩერდეს, ვიდრე სისხლის სამართლის საქმის ბოლომდე გამოძიება არ მოხდება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
შოშიაშვილის თქმით, ერთი მხრივ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბექა ბასილაიას და მეორე მხრივ, „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ჩადენილი დანაშაული სახეზეა.
„საქართველოს ბანკმა“ მიზნობრივი სესხი დამისვა და ამ სესხს გრემის კულტურის სახლის შესაძენად ჩემს საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება მიაბა. ვინმემ პასუხი გაგვცეს ამ საქმეზე. მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჩემი პირველი პრესკონფერენციის შემდეგ განმარტეს, რომ შოშიაშვილის საქმე დროულად იქნებოდა გამოძიებული, მაგრამ დღესაც არა თუ გამოძიებული, ძიება დაწყებულიც კი არ არის. მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები არიან დარჩენილნი, რომლებიც შეგნებულად უშლიან ხელს მსგავსი საქმეების გამოძიებას“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.