ახალი ამბები

ეკონომიკის პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საარსებო მინიმუმის გაზრდას ითხოვს

ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი 2011 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 6.7%–ით არის გაზრდილი.
მიუხედავად მაჩვენებლის ზრდისა, საარსებო მინიმუმი მაინც საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა და საკითხავია, რეალურად ადამიანი რამდენად შეძლებს ამ ფინანსური რესურსით ერთი თვე ცხოვრებას.
„ეკონომიკის პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ დირექტორის, ქეთი კრიალაშვილის თქმით, ცენტრი აწარმოებს საკუთარი რესურსებით საარსებო მინიმუმის ალტერნატიულ კვლევას, რომელსაც უახლოეს დღეებში წარუდგენს საზოგადოებას და რომლის მიხედვითაც, საარსებო მინიმუმი 315 ლარს შეადგენს.
კრიალაშვილის განცხადებით, ალტერნატიული დათვლის შესახებ იციან სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრმაც. ისინი გარკვეულწილად თანხმდებიან იმაზე, რომ შესაძლოა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი რეალობასთან ახლოს არ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით, მთავრობა არ აპირებს საარსებო მინიმუმის გადახედვას, რადგან პოლიტიკური და ფინანსური მზაობა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მისი თქმით, ალტერნატიულ დათვლაში სასურსათო კალათა 2300-დან 2500 კილო კალორიამდეა გაზრდილი.
,,საარსებო მინიმუმში პროდუქცია ისეა გადანაწილებული, რომ ძირითადად დაბალფასიანი, მაღალკალორიული პროდუქციაა შეყვანილი და, 10-30 გრამი ხორცის ფონზე, კალათა 2300 კილო კალორიამდე ასე იზრდება. მაგალითად, გაზრდილია პურის რაოდენობა, რომლის მეშვეობითაც შევსებულია კილო კალორიები. ჩვენ კი ამ საკითხზე გავიარეთ კონსულტაციები ნუტრიციონისტებთან, კარდიოლოგებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და შევადგინეთ ისეთი სასურსათო კალათა, რომელიც გადანაწილებულია ისე, რომ ჯანსაღ კვებაზე იყოს ორიენტირებული”, – განაცხადა ქეთი კრიალაშვილმა.