ახალი ამბები

მარკეტებს ოჯახურ პირობებში წარმოებული პროდუქტების გაყიდვა ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეეძლებათ

თუმცა, ამავე დროს ყველა ბიზნესოპერატორს – მცირე მაღაზიას, დიდი სუპერმარკეტდ, ან აგრარულ ბაზარს კანონი ავალდებულებს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასა და საკუთარ დახლზე მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელი კვების პროდუქტები განათავსებას.
ნებისმიერი სამომხმარებლო ბაზარი, რომელიც სურსათს გლეხებისგან იბარებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლს ექვემდებარება. საქართველოს კანონმდებლობით მარკეტს, ან აგრარულ ბაზარს სურსათის რეალიზაციის დროს პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმების ოქმი არ მოეთხოვება. მარკეტს შეუძლია, პროდუქტის უვნებლობაში დასარწმუნებლად ლაბორატორიული კვლევა საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს და ამ კვლევის შედეგი, როგორც სურსათის უვნებლობის დოკუმენტი, ინსპექტირების დროს მისულ მაკონტროლებელს წარუდგინოს. თუ მარკეტს ასეთი დოკუმენტი არ ექნება, მაშინ ინსპექტირებაზე მისული მაკონტროლებელი ლაბორატორიული ანალიზისთვის სურსათის სინჯებს აიღებს.
თუ ლაბორატორიული ანალიზი სურსათის სიჯანსაღეს დაადასტურებს, მაშინ ბიზნესოპერატორს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვს. მაგრამ, ინსპექტირების დროს გამოვლენილი მავნე სურსათის გაყიდვისთვის ბიზნესოპერატორს შესაძლოა, გაფრთხილება მისცენ, დააჯარიმონ, ან მუშაობის უფლება ჩამოართვან.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი მავნე სურსათის არაკრიტიკულ და კრიტიკულ შეუსაბამობას განმარტავს. არაკრიტიკულია შეუსაბამობა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის, ან ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის სათანადო დონემდე შემცირება, ან აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების გარეშე. კრიტიკული შეუსაბამობის დროს კი პირდაპირი საფრთხე ექმნება ადამიანის, ან ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და საჭიროა საწარმოო პროცესის შეწყვეტა. 
თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი მაკონტროლებელი ბიზნესოპერატორს ისეთ პროდუქციას, ან წარმოების პროცესს აღმოუჩენს, რომელიც სურსათის უვნებლობის თავალსაზრისით არაკრიტიკულად შეუსაბამოა, მაშინ ბიზნესოპერატორს მაკონტროლებლისგან ეძლევა რეკომენდაცია და გონივრული ვადა მითითების შესასრულებლად. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, რეკომენდაციის შეუსრულებლობისთვის ბიზნესოპერატორი ჯარიმდება 400 ლარით და განმეორებით ეძლევა გონივრული ვადა. ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობისთვის, ჯარიმის ოდენობა სამმაგდება (1200 ლარი) და შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება.