მოახლოებული ზამთარი და შეშის გარეშე დარჩენილი კახელები
მიუხედავად იმისა, რომ შეშის შეძენის ნებართვის ბილეთის ფასი საკმაოდ დაბალია, კერძო რეალიზატორებმა ერთი კუბმეტრი შეშა 100 ლარამდე გააძვირეს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილისათვის შეშის შეძენა ფუფუნებად იქცა. შეშით მომარაგების გარდა, მოსახლეობა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასაც ვერ ახერხებს. სოფელ კისისხევში მცხოვრებ კოზმანაშვილების 10-სულიან ოჯახს შეშა ჯერ არ შეუძენია და არც წინა წლის არ შემორჩა. ოჯახს საშეშე მერქნის შეძენისათვის საკმარისი თანხა არ აქვს და ისიც არ იცის, ადგილობრივი ხელისუფლება გაუწევს თუ არა დახმარებას.
კოზმანაშვილების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შესაძლოა, წლის ყველაზე ცივ სეზონს ღია ცის ქვეშ შეხვდნენ. დაახლოებით 6 წელია, რაც მრავალრიცხოვან ოჯახს ამორტიზებულ სახლში უწევს ცხოვრება. 5 ოთახიდან მხოლოდ ერთია საცხოვრებლად ვარგისი. 10-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ჩამოინგრა 2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხდარი ძლიერი სტიქიის შედეგად. ოჯახში მაყვალას ვაჟიშვილის გარდა სრულწლოვანი მამაკაცი არ არის. მაყვალამ მეუღლე აფხაზეთის ომში დაკარგა და ამჟამად სახელმწიფოსგან დანიშნული სოციალური დახმარებით სარგებლობს.
„10-მა ადამიანმა ერთ ოთახში როგორ უნდა ვიცხოვროთ? დამატებით ერთჯერადი დახმარება მაინც არსაიდან გვაქვს. სამას ლარამდე გამოყოფილი სპეციალური დახმარება 10 დღემდე გვყოფნის. დანარჩენი დღეები თითქმის მშივრები ვრჩებით. წინ ზამთარია და არ ვიცი, როგორ უნდა გავიტანოთ“, – აღნიშნავს მაყვალა კოზმანაშვილის რძალი თამარი.
თუშიშვილმა 1 კუბური მეტრი საშეშე მერქნის შეძენისთვის თანხა გაჭირვებით მოაგროვა, თუმცა ეჭვობს, რომ ასეთი მცირე რაოდენობის შეშით ორი თვე მაინც ისარგებლოს.
ახმეტელ თამილა კაცაძეს კი, ზამთრის ცივი დღეების გატარება, სავარაუდოდ, სიცივეში მოუწევს. კაცაძე განმარატავს, რომ შეშის ფასმა საგრძნობლად მოიმატა, 1 კუბმეტრი 100 ლარამდე ღირს და 80 წლის ქალბატონს კი, წლის ყველაზე ცივი სეზონის გასატარებლად ესაჭიროება დაახლოებით ერთი მანქანა სათბობი მასალა, რომელსაც, უსახსრობის გამო, ვერ შეიძენს. კაცაძემ ვერც გასული წლის ზამთარში შეძლო შეშის ყიდვა, სათბობი მასალით რამდენიმე მეზობელი ამარაგებდა. ახმეტელ 85 წლის ქლაბატონს არც ელექტროენერგია მიეწოდება და XXI საუკუნეში მისთვის ელექტრომომარაგება ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცა.
„მეზობლებს ამ ზამთარსაც ხომ ვერ შევაწუხებ, თავიანთი თავი გასჭირვებიათ. არც კი მინდა წარმოდგენა, თუ რა პირობებში მომიწევს ამ ზამთრის გატარება. დენიც კი არ მაქვს. მითხრეს, თქვენი საკუთარი მრიცხველის დასამონტაჟებლად 400 ლარი უნდა გადაიხადოო. თვიური შემოსავალი წამლებსა და საჭმელში არ მყოფნის“, – აღნიშნავს თამილა კაცაძე.
თელავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ანა ასაბაშვილი განმარტავს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ ერთჯერადი დახმარებებისათვის გამო 29 ათასი ლარი, აქედან 16 000 ლარი გადანაწილდა შეშით დახმარების პროგრამაზე. თელავის მასშტაბით მხოლოდ 111 სოციალურად დაუცველი ოჯახი, ერთჯერადად, მიიღებს 2 კუბურ მეტრ შეშას:
“როდესაც მოქალაქე წერს განცხადებას, მას აუცილებლად უნდა დართული ჰქონდეს მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელსაც თან დართული ექნება სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობა, სადაც მითითებული იქნება სარეიტინგო ქულა. ამის მიხედვით მოხდება ოჯახი შეშით დახმარების პროგრამაში”, – აღნიშნავს ანა ასაბაშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის თემის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ქალაქის ორად გაყოფის შემდეგ ბიუჯეტში მოსახლეობისთვის შეშით დახმარების პროგრამის ფარგლებში დარჩენილი იყო 2000 ლარი. აღნიშნული თანხის სიმცირის და პროგრამის არაეფექტურობის გამო გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობაზე სოციალური მდგომარეობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარებები 50 ან 100 ლარის ოდენობით.
“აღნიშნული დახმარებით მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თანხა ოჯახის საჭირობისამებრ შეშის ბილეთის შესაძენად, ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გადასახადისთვის და ა.შ გამოიყენოს”, – განმარტავს თელავის მუნიციპალიტეტის თემის გამგებლის პრესსპიკერი ვერიკო კობიაშვილი.
შეშის კერძო რეალიზატორებმა უკვე დაიწყეს სათბობის მასალის გაყიდვა. ერთი მანქანა შეშის ღირებულება კი 300-დან 350 ლარის ფარგლებში მერყეობს.