მთის მიწას სახელმწიფო აღარ განკარგავს
მისი მიზანი მთაში მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ბიზნესის განვითარებაა.
მთის კანონით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ასევე სათიბები და საძოვრები მართვაში თემს გადაეცემა. სწორედ თემი გადაწყვეტს, გაასხვისოს თუ არა ტერიტორია ან გადასცეს თუ არა ვინმეს იჯარით მიწა.
თუ თემი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის მიწა გაასხვისოს ან იჯარით გასცეს, სანაცვლოდ მიღებული ფული თემს მოხმარდება. თანხების დახარჯვის მიზნობრიობასაც თემი განსაზღვრავს.
კანონპროექტის არსებული რედაქციით, თემი ერთგვარ თვითმმართველობის ერთეულად ყალიბდება, იმ განსხვავებით, რომ აქ წევრების არჩევა არჩევნებით არ მოხდება.
მთის კანონს ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალურ ჯგუფთან ერთად ამუშავებს. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კობა არაბული აცხადებს, რომ ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ბოლო, ფაზას გადის, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან, სადაც არსებულ პროექტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.