ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული კოალიციას არ ტოვებს

ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” წევრი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული რჩება საპარლამენტო უმრავლესობის წევრად. “რუსთავი 2”-ს ეთერში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თავად გელა სამხარაულმა აღნიშნული საკითხის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წევრი, თამაზ ჯაფარიძეც არ ტოვებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“. გვრცელებული ინფორმაციით, კოალიციის წევრად დარჩა “თავისუფალი “დემოკრატების ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, თუმცა ვიქტორ დოლიძემ შესაბამისი ინფორმაცია არ დაადასტურა. 
“გედევან ფოფხაძე, სხვათა შორის, შემოგვიერთდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა. რაც შეეხება ჯაფარიძესა და სამხარაულს, ისინი, ჩემი ინფორმაციით, კოალიციას არ ტოვებენ, თუმცა ფუნდამენტური განსხვავებები ნამდვილად არ გვაქვს”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
გუშინ ფრაქცია„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიიღეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ირაკლი ჩიქოვანმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფრაქცია ტოვებს უმრავლესობას, მაგრამ არ უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩიქოვანის თქმით, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები პარლამენტში თავიანთ პოსტებზე რჩებიან.