ახალი ამბები

შსს მინისტრმა კახეთში განახლებული სასაზღვრო სექტორები გახსნა

 სასაზღვრო პოლიციის განახლებული შენობები ფუნქციონირებას დაიწყებს ახალსოფელში, მსხალგორსა და ცოდნის კარში. 
აღნიშნული სექტორებიდან „მსხალგორი“ და „ახალსოფელი“ საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო სექტორი „ცოდნის კარი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს. 
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძეს განცხადებით, 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის. 
ჭიკაიძემ განაცხადა, რომ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობები სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აღჭურვილია სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით და ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებითაა მოწყობილი. ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა მესაზღვრეებს ისიც აცნობეს, რომ მესაზღვრეებს ხელფასი მოემატათ.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ,” -განაცხადა ჭიკაიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ გომელაურის თქმით, დღემდე მესაზღვრეებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება რთულ პირობებში უწევდათ. 
,,გარდა ამისა, მოხდა მესაზღვრეებისთვის ხელფასების გაზრდა, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა. ეს დანამატი არ იყო ათი და ოცი ლარი. აქ ას, ორას და სამას ლარზე არის საუბარი. ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ მესაზღვრეებს რატომღაც. არამარტო ხელფასები, ასევე,ინფრასტრუქტურა განვითარდა, ტრანსპორტი შეიცვალა, ბევრი კვადროციკლი დაემატა და მომავალში ვგეგმავთ ჩვენ კიდევ კამერების, როგორც ღამის ხედვის, ასევე, ჩვენი საზღვრის სითბური კამერებით აღჭურვას, რათა ნაკლები ფიზიკური დატვირთვით მეტი ეფექტი, მეტი შედეგი მიიღონ“, – განაცხადა გომელაურმა. 
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის თქმით, დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მესაზღვრეებს ელემენტარული პირობები შექმნილი არ ჰქონდათ. 
,,ჩვენ ერთი წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ გავხსენით ათი – ორი დასრულების პროცესშია და გაიხსნება ათი ახალი სასაზღვრო სექტორი. 
ტექნიკური აღჭურვილობა შეიცვალა, დღეს ჩვენს მესაზღვრეებს დღეს აქვთ ნატო-ს სტანდარტების მქონე რადიოტექნიკური საშუალებები ”, – აღნიშნა ზურაბ გამეზარდაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2016 წლისათვის სრულად დასრულდება საზღვრის მოდერნიზაცია და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იქნება ისე დაცული, როგორც ეს არის განვითარებულ, ძლიერ ქვეყნებში.