სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შესაძლოა, ახალი წარწერები გაჩნდეს
სახელმწიფო ქონების სავალდებულო ნიშანდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს “მომავალი ინიციატივების” ხელმძღვანელმა ლევან ალაფიშვილმა შესთავაზა. ინიციატივა იდეის და პრინციპის დონეზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გაიზიარა, თუმცა დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების ავტორი და კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი გადამუშავდება და მისი კორექტირება განხორციელდება. საკითხზე თავად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იმუშავებს.
ლევან ალაფიშვილის ინიციატივის გათვალისწინებით, ზემოთაღნიშნული ტექსტი უნდა გაკეთდეს ყველა ტიპის სახელმწიფო ქონებაზე – არანაკლებ ორ საჯაროდ გამოსაჩენ ადგილას. ნიშანდებას არ დაექვემდებარება მხოლოდ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, 50 სმ-ზე მცირე ზომის ნივთები, თხევად ან აირად მდგომარეობაში არსებული ქონება, სახარჯი მასალა, კვების პროდუქტი, ნაბეჭდი პროდუქტი და საკანცელარიო ნივთები.
როგორც საკითხის განხილვისას გახდა ცნობილი, დეპუტატები წინააღმდეგი არ არიან, თუკი ამ ფორმით სახელმწიფო შენობების, ავტომობილების, ინფრასტრუქტურული ნაგებობების ნიშანდება მოხდება, თუმცა ითქვა ისიც, რომ ასეთი შინაარსის წარწერების სახელმწიფოს კუთვნილ ინვენტარზე გაკეთება განსახორციელებლადაც რთულია და არც ამის საჭიროება არსებობს. გარდა ამისა, აღინიშნა ისიც, რომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და არ არსებობს ზუსტი სურათი, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების შესახებ.
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია იმ ქონების შესახებ, რომელიც საერთო-საჯარო სიკეთეა და არა რომელიმე უწყების საკუთრება.