ახალი ამბები

ლაგოდეხში 50-მდე პედაგოგი ხელფასს ითხოვს

ლაგოდეხში 50-მდე პედაგოგი ხელფასს ითხოვს. სოფელ კაბალის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს ხელფასი მეორე თვეა არ მიუღიათ. მათი თქმით, მიზეზი ის არის, რომ სკოლას ამ პერიოდის განმავლობაში არ ჰყავს დირექტორი.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, “პედაგოგები გაგებით უნდა მოეკიდნონ აღნიშნულ სიტუაციას, რადგან სკოლის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია”.

მანანა ჩიკვაიძის თქმით, სკოლის ყოფილმა დირექტორმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოახერხა მოვალეობის შემსრულებელზე დოკუმენტაციის გადაცემა, რამაც აღნიშნული პრობლემა შექმნა. უხელფასოდ დარჩენილი პედაგოგები ითხოვენ, რომ ახალი დირექტორი დროულად დანიშნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასწავლო პროცესის ჩაშლით და აქციების გამართვით იმუქრებიან.