ყვარლის კომპლექსში სპეციალური სადღესასწაულო სივრცე მოეწყო
ყვარელში, ილიას მთაზე ქორწინების რეგისტრაციისთვის მოწყობილ ორიგინალურ სივრცეში ყვარლის კომპლესმა დაქორწინების მსურველ პირველ წყვილს უკვე უმასპინძლა. ამ დრომდე ყვარელში ქორწინების მსურველებს შეეძლოთ მიემართათ მხოლოდ იუსტიციის სახლისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე არის შესაძლებელი.
ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ღია ცის ქვეშ, ულამაზესი ხედის ფონზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსის ვერანდაზე, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.
აღნიშნულ კომპლექსში საქართველოში დაქორწინების მსურველ ნებისმიერ წყვილს შეეძლება დაარეგისტრიროს ქორწინება.
რეგისტრაციის პირობების შესახებ წყვილებს შესაბამისი დეტალური ინფორმაციის შეტყობა შეეძლებათ ყვარლის იუსტიციის სახლში.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში მოწყობილ ქორწინების სივრცეში ხელმოწერა შესაძლებელია: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს, კვირას.
რაც შეეხება შაბათ-კვირას, ამ დღეებში შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისათვის საჭიროა მექორწინეების მიერ წინასწარ (სულ მცირე ერთ დღით ადრე) განცხადების წარდგენა იუსტიციის სახლში. ყვარლის კომპლექსის ვერანდაზე მოწყობილ სივრცეში ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური 170 ლარით განისაზღვრა.