გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებს კიდევ 9 მედიკამენტი დაემატა
გადაუდებელი დახმარების სამკურნალო საშუალებებს დაემატა: ამიოდარონი (ტაბლეტი)-ანტიარითმიული საშუალება, გლიბენკლამიდი (ტაბლეტი) – პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, მეტფორმინი (ტაბლეტი)-პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, კაპტოპრილის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით-წნევის დამწევი საშუალება, ნიფედიპინის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით – წნევის დამწევი საშუალება, მეტოპროლოლის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით – წნევის დამწევი საშუალება, დექსამეტაზონის ტაბლეტები – ანაფილაქსიის საწინააღმდეგო საშუალება, პრედნიზოლინის ტაბლეტები-ანაფილაქსიური შოკის, ალერგიული რეაქციების სამკურნალო და ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება და ფუროსემიდის ტაბლეტები – ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი საშუალება.
ფარმაცევტული დაწესებულება უფლებამოსილია გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ურეცეპტოდ გასცეს წამლის ფორმა, ერთჯერადი დოზის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა 1 სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით.
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს განიხილავენ.