ახალი ამბები

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების კენჭისყრა ჩავარდა

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი არ უყარა მასწავლებლებთან და დირექტორებთან დაკავშირებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე გატანა პარლამენტმა გადადო. კანონპროექტს პარლამენტის შემდგომ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი, მანამდე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის კორექტირება კიდევ ერთხელ მოუწევს.
“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი კრიტიკის საგანი საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, უმრავლესობის მხრიდანაც გახდა. 
დეპუტატებისათვის ბუნდოვანი და გაუგებარია მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის არსი და მასწავლებელთა პროფესიული გრადაციის პრინციპები. გარდა ამისა, კრიტიკის საგანი გახდა პროექტის ის ნაწილიც, რომლის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა ეძლევა. 
როგორც ინიციატივის განხილვისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, ნორმების სიზუსტე და კონკრეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ კანონთან დაკავშირებით, რომელთანაც შეხება მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას აქვს. ხმალაძემ პროექტში კორუფციული ნორმების გაჩენის საფრთხეც დაინახა.