ხელისუფლება სსიპ-ებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ანგარიშების კონტროლს ამკაცრებს
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, რეფორმის ძირითადი მიზანია საბიუჯეტო პროცესში აღრიცხვიანობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ოპერაციები ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცევა და მათი ყველა ოპერაცია აღირიცხება ხაზინის მეშვეობით.
,,რეფორმა აწესრიგებს მხოლოდ დაგეგმვისა და აღრიცხვის პროცედურულ საკითხებს და არ ახდენს გავლენას რომელიმე ამ უწყების დამოუკიდებლობის ან/და გადაწყვეტილებების მიღების ხარისხზე. ყველა ის შემოსულობა, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად დღეს დამოუკიდებლად განკარგავენ შესაბამისი უწყებები, კვლავ რჩება მათ განკარგვაში. რეფორმა არ გულისხმობს ამ სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, რეფორმის თანახმად, ეს სახსრები მხოლოდ აღირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით და ყველა ამ იურიდიულ პირს ექნება თავისი ანგარიში ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში ნაცვლად კომერციული ბანკისა. შეიძლება ითქვას, რომ ამ უწყებებს მომემსახურება სახელმწიფო ხაზინა ნაცვლად კომერციული ბანკისა,”- განაცხადა ნოდარ ხადურმა.