სოფელ შილდაში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მოსახლეობის თქმით, მოძველებული სისტემის გამო, ლითონის მილები ნადებით იყო გავსებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზიანებული სისტემის გამო წყლის დანაკარგი დიდი იყო და გამტარუნარიანობას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა.
,,მიმდინარე წელს, სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას, პრიორეტეტად სწორედ ეს საკითხი დასახელდა, რის შემდეგაც, 479 ათასი ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. სამუშაოების ნაწილი სოფლის განვითარების პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში გათვალისწინებული თანხებით, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. საერთო ჯამში, 637 ათას ლარად შეფასებული პროექტი, დასრულების სტადიაშია და სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. დარჩენილია, მხოლოდ მოსახლეობის ეზოებამდე წყლის მიყვანის სამუშაოები სოფლის ერთ ნაწილში,”- აცხადებენ გამგეობაში.
მათივე თქმით, სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „აკვედუკი” აწარმოებს და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.