ახალი ამბები

თელავის ცენტრალურ ქუჩებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კერძო სამშენებლო კომპანიის მიერ შეუთანხმებლად წარმოებული სამუშაოების გამო თელავის ცენტრალური უბნები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტრომომარაგება შეუწყდა თელავის ცენტრალური ქუჩების მაცხოვრებლებსა და ათეულობით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს. ამ დრომდე ელექტრომომარაგების გარეშეა გამგეობისა და მერიის შენობა, სახანძრო სამსახური, რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, კომერციული ბანკები და რიგი სხვა ობიექტები. 
კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის განცხადებით, შ.პ.ს. „გზამშენი 2005– ს“ მიერ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან„ შეუთანხმებელი სამუშაოების გამო თელავის მოსახლეობის 40% –ს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება:
,,მუნიციპალური პროექტის ფარგლებში, რომელიც სანიაღვრე მილის რემონტს ითვალისწინებდა, მიწის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ნებართვის გარეშე ახორციელებდა. ექსკავატორმა დააზიანა 10 კილოვოლტიანი მიწისქვეშა სადენი რის გამოც ელექტროენერგია შეუწყდა თელავის ცენტრალურ ქუჩებს. ამ სადენის შეკეთება ბევრად რთულია, ვიდრე საჰაერო სადენის, ამიტომ გარკვეული დრო გვჭირდება მისი აღდგენისთვის. ვშუშაობთ მერიასთან, რომ მოხდეს მატერიალური ზარალის ანაზღაურება მათი მხრიდან. ქალაქს ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 16:00 საათზე აღუდგება“. 
ამ წუთებში, ავარიის ადგილზე აღდგენით სარემონტო სამუშაოებს თელავის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ექსპლუატაციის სამსახური ანხორციელებს.