ღვინის კულტურის პოპულარიზაციის ახალგაზრდულმა მოძრაობამ რთველში მიიღო მონაწილეობა
ახალგაზრდების დახმარებით, ოჯახმა 15 ათას ტონამდე რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოკრიფა. რთველის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნები – „თელიანი ველი“, „თბილღვინო“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW), სადაც ადგილზე გაეცნენ ყურძნის ჩაბარების, წარმოების პროცესს და დააგემოვნეს ქართული ღვინოები.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ახალგაზრდული მოძრაობის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი მართავს ლექცია-სემინარებს და შეხვედრებს შემდეგ თემებზე: ქართული ღვინის კულტურა და ისტორია, ვაზის ჯიშები, მევენახეობის ზოგადი საფუძვლები, ღვინის დაყენება და მოხმარების კულტურა, ენოლოგია და ქართული ღვინის კულტურის უძველესი საფუძვლები და სხვა. ამასთან, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ვაზის დარგვასა და მოვლაში, ღვინის ტურიზმის ლოკაციის დასუფთავებაში, რთველის პროცესში, ფესტივალებში, დეგუსტაციებსა და გამოფენებში.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს მომავალი თაობების განათლებასა და მათი ინიციატივების გააქტიურებას მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაში, წახალისებული იქნება სტუდენტების წარმატებული იდეები და განათლების ხელშეწყობა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.