დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამის, კახეთის დედოფალ ქეთევანის ხსენებას აღნიშნავს. აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ღამისთევის სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ალავერდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში. ღამისთევის მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა ტრადიციულად იქადაგა და დალოცა მრევლი.
“წმ. დიდმოწამე ქეთევანი იყოს მფარველი ჩვენი სიწმინდის, ჩვენი ერთობის, ჩვენი ოჯახების და მისი ლოცვა განამტკიცებდეს თითოეული ჩვენგანის სულს ქრისტეს ერთგულებასა და უშიშრად მოწამეობაში. დღეს მოწამეობა მოთმინებაა, საკუთარ თავთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში იმარჯვებს თავმდაბალი, ღვთის სიტყვის მოყვარული და ერთგული ადამიანი”, – ბრძანა ქადაგებისას მეუფე დავითმა.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლითა და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც დაბრძანებულია ალავერდის ტაძრის წმ. ტრაპეზის ქვეშ.