ინოვაციური იდეების კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს 12-18 წლის საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ საჩუქრები, ხოლო პროექტში ჩართული ყველა გუნდი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მიღწევებს აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან თუ ორგანიზაციებთან, რაც დაეხმარებათ მათთან სამომავლო პარტნიორობის დამყარებასა და ცოდნის გამყარებაში.