უკანონო აბორტებზე სანქციები მკაცრდება
ჯანადაცვის საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, უკანონოდ გაკეთებულ აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოს ცვლილებები და გაამკაცროს სანქციები. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია.
„2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ დაფიქსირდა 40 ათასი აბორტი, რომელიც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია. არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. სავარაუდო გათვლებით კი, დღეში დაახლოებით 100-150 აბორტი კეთდება. ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყნაში არ არსებობს უკანონო აბორტებთან დაკავშირებით ისეთი ლიბერალური დამოკიდებულება, როგორიც საქართველოშია, მან დაასახელა ევროპული სახელმწიფოები, სადაც უკანონო აბორტის გაკეთებაზე სასჯელი სულ მცირე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯერ კიდევ მოქმედი “სისხლის სამართლის კოდექსით” უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით – 100-დან 240 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2-წლამდე. მსჯავრდებული პირის მიერ უკანონო აბორტისათვის ჩადენილი იგივე ქმედება, რომელმაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 3-წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3-წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3-წლამდე ვადით. უკანონო აბორტი, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5-წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3-წლამდე ვადით.