მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული მოდელის გაუქმების საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
მთავრობის ინიციატივას, რომლითაც მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი უქმდება, პარლამენტში დღეს განიხილავენ. ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში იმსჯელებენ. კანონპროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი მასწავლებლის ე.წ. პროფესიაში შესვლის, განვითარების და კარიერული ზრდის ახალი სქემით შეიცვლება და ის, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, მასწავლებლის შეფასების კომპლექსურ სისტემას დაეფუძნება.
“2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს, რათა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. ამის საფუძველზე 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა დეფიციტი შეიქმნება, რადგან სერტიფიცირებული მასწავლებლების დღეს არსებული რაოდენობა არ იქნება საკმარისი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარსამართად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი შეიცვლება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემით, რომელიც მასწავლებლის შეფასების კომპლექსურ სისტემას დაეფუძნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით დაიყოფიან შემდეგ პროფესიულ კატეგორიებად: მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია); მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია); წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია); პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია). კატეგორიების მინიჭება, შენარჩუნება, პროფესიული განვითარებისა თუ კარიერული ზრდის პრინციპები და მექანიზმები აღიწერება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ სქემაში, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. ყოველი კატეგორიის მიღწევა მასწავლებელს დაუდასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით”, – განმარტავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონპროექტის თანდართულ დოკუმენტში.