ახალი ამბები

სააკაშვილი ყვარლის სახლის დაყადაღების გადაწყვეტილებას ეხმაურება

სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი მოიშალა.
“მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია – ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში. წყალსაც წაუღია ეს ქონება, ჩემთვის სკამი არაფერს ნიშნავს, ეს სახლი არაფერს ნიშნავს – მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პირად ემოციებს. რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული ისაა, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს. საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესი. საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 
სააკაშვილი მისი და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და აცხადებს, რომ დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესს მართავს.

“პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე ქონება დამიყადაღეს, საქართველოში ისედაც ვერ ჩამოვდივარ ჯერჯერობით, სხვა რაღაცაშია საქმე – დღეს საქართველოში მთავარი რამე მოიშალა. საქართველოს მართავს ერთი უწიგნური, მობანდიტო, დაულაგებელი, დაბოღმილი, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდარა მთაზე, უზარმაზარ სასახლეში და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვის რა ქონება წაართვას და ვის რა დაუბრუნოს, ვინ ჩასვას და ვინ გამოუშვას, ვინ გარიცხოს და ვინ მიიღოს, “პოლისჯოხით” დანიშნოს ამ თუ იმ თანამდებობაზე მოშლილია სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი “, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის ოჯახს ქონება დაუყადაღდა. დააყადაღებულია სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით. დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი ტოიოტა რავ 4; გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის, სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის ჰონდა აკორდი.