პატრიარქი მრევლს, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს
განცხადების ტექსტი ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
“უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.
უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა. გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

