ახალი ამბები

ევროპაში კიდევ ერთი ახალი დასახელების ქვევრის ღვინო გავა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში მონაწილე მეწარმე ღვინის ჩამოსხმას იწყებს. შპს ” შალაურის ღვინის მარანის“  ხელმძღვანელი დავით ბუაძე ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ კომპანია ქვევრის ღვინოს წელს პირველად ჩამოასხამს და ექსპორტზე გაიტანს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საექსპორტო სიაში პირველ ადგილზეა იტალია, საფრანგეთი, სლოვენია და სხვა ევროპული ქვეყნები.  

ბუაძის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე არ განიხილება ჩინეთის ბაზარი, რადგან ამ ეტაპზე უცნობია როგორ მიიღებს ქვევრის ღვინოს ჩინეთი. ამისათვის ჯერ ბაზარის შესწავლა უნდა მოხდეს. ”ევროპაში კი ქართულ ღვინოს ბევრად წარმატებულად იცნობს“,-აცხადებს ბუაძე.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ მიმდინარე წელს 15 000 ბოთლის წარმოება შეძლო, მომავალ წელს დაახლოებით 25 000 ბოთლს ჩამოასხამს.

როგორც ბუაძე  აცხადებს, კომპანიის მიერ მიღებული სესხი საწარმოს მშენებლობას და მის ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდა.

შპს „შალაურის ღვინის მარანმა” შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის” ფარგლებში 270 000 დოლარის სესხი აიღო. კომპანია კახეთში, თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარეობს.