ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი მჯდომარე აქციას მართავს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის კიბეებზე, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დილიდან მჯდომარე აქციას მართავს. მარინა გოგოლაძე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სამსახურში აღდგენას ითხოვს. სასამართლოს განჩინების აღსრულებამდე კი, პროტესტის ამ ფორმას ყოველდღე სამუშაო საათებში მიმართავს.
,,უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გამგეობის ბრძანება ჩემი განთავისუფლების შესახებ და ამათმა კი აღდგენის ნაცვლად ხელმეორედ გამანთავისუფლეს. ამით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია ადამიანის უფლებები და რაც მთავარია კანონი. სწორედ ამიტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ ვიწყებ საპროტესტო მჯდომარე აქციას ლაგოდეხში სამართლიანობის აღდგენის, ნაცნობ-მეგობრობის პოლიტიკის და კლანური მმართველობის დასრულების მოთხოვნით”- აცხადებს მარინა გოგოლაძე.
შეგახსენებთ, მარინა გოგოლაძე საკრებულიდან 2013 წლის ივლისში გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი სამსახურში აღადგინეს. გოგოლაძე სასამართლოს განჩინების მიუხედავად, 11 ივლისს სამსახურიდან მეორედ გაათავისუფლეს.